ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia) იმერეთის თერთმეტ (11) მუნიციპალიტეტში (ბაღდათი, ზესტაფონი, სამტრედია, ვანი, ხონი, წყალტუბო, საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული, თერჯოლა, ტყიბული) ახორციელებს პროექტის ,,მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში’’, რომლის მიზანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა და ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა.
პროექტის ფარგლებში გრძელდება თემატური შეხვედრები მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან. შეხვედრები გაიმართა ტყიბულის, ბაღდათის და თერჯოლის მუნიციპალიტეტების საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან, რომელთაც ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, გამოკვეთილი პრობლემები და შემუშავებული რეკომენდაციები წარედგინა. შეხვედრაზე იმსჯელეს კვლევების შედეგად გამოვლენილი საჭიროებების ირგვლივ. საბჭოს წევრებმა არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს იმ საკითხებზე, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის უფელებამოსილების სფეროს განეკუთვნება.
ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე წარმოდგენილმა საბჭოებმა უნდა შექმნას საფუძველი, რომ ჩამოყალიბდეს კონსულტირების ტრადიცია არამარტო სამოქალაქო სექტორთან, არამედ პროცესში ჩაერთოს მოქალაქეებიც.
პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ,,გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის’’ მხარდაჭერით.
კომენტარები