background

მედიაცენტრი






სამეწარმეო-საინვესტიციო რეგიონული ფორუმი ქ. ონში

ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ (LDA) 2021 წლის 18 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტში გამართა რაჭა–ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის სამეწარმეო-საინვესტიციო რეგიონული ფორუმი, რომლის მიზანი გახლდათ რეგიონის სამეწარმეო და საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა.

ფორუმის პირველი პანელი დაეთმო რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის საინვესტიციო შესაძლებლობების და კონკრეტული პროექტების წარდგენას, ასევე რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური პროექტების განხილვას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონის მიმზიდველობას პოტენციური ინვესტორებისთვის.

მეორე პანელზე საუბარი შეეხო რეგიონში მცხოვრები მეწარმეების წინაშე არსებულ გამოწვევებს და აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ, შესაბამისმა უწყებებმა და სახელმწიფო სააგენტოებმა (აწარმოე საქართველო, RDA) მათი ხედვები, მიმდინარე პროგრამები და დაფინანსების ახალი შესაძლებლობები წარდგინეს.

სამეწარმეო-საინვესტიციო რეგიონულ ფორუმზე მოეწყო ჩვენს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის „ადგილობრივთა ინიციატივა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ეკონომიკური განვითარებისათვის“ გამარჯვებული მეწარმეების საქმიანობის შესახებ მომზადებული მცირე ვიდეოს ჩვენება.

ფორუმის მეორე ნაწილი დაეთმო ფორუმში მონაწილე ადგილობრივი მეწარმეების/ფერმერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას, სადაც მეწარმეებმა მათთვის მომზადებულ ცალკე აგრო სივრცეში, წარადგინეს თავიანთი პროდუქცია. გარდა აღნიშნულისა, ფორუმზე მოეწყო ART სივრცე, სადაც წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები და გაიმართა სხვადასხვა სახეობის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

ფორუმს ესწრებოდა ავსტრიის ელჩი H.E. Thomas Muehlmann, გერმანიის ელჩი– H.E. Hubert Knirsch, ნორვეგიის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე – Marko Soldic, პოლონეთის ელჩი – H.E. Mariusz Maszkiewiez, სამხრეთ კორეის კონსული – Ko Ok Sok, ბრაზიილის კონსული – Leonardo Lott Rodrigues.

ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი მეწარმეები, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის მაცხოვრებლები, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებრივი და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები.

რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის სამეწარმეო-საინვესტიციო რეგიონული ფორუმი ჩატარდა ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia), „რაჭის მდგრადი განვითარების ასოციაციის“ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (MRDI) მხარდაჭერით და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით მიმდინარე „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა, ფაზა 2“ (FRLD 2) პროექტის ფარგლებში.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი