პროექტის „მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში “ფარგლებში, ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ მიმართა იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების საკრებულოს ინიციატივით მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთი ფორმის, პეტიციის წარდგენის უფლების მქონე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მინიმალური 1%-იანი ზღვარის შემცირებით (გონივრულ ფარგლებში), ვინაიდან პეტიციის წარდგენის პროცესში მოქალაქეთა უმეტესობა აწყდება კანონით განსაზღვრული რაოდენობის მობილიზაციის პრობლემას.
აღნიშნული ინიციატივა დადებითად შეაფასა სამტრედიის, ბაღდათის, ხონის, წყალტუბოს, ჭიათურის და საჩხერის მუნიციპალიტეტებმა. შედეგად მოხდა რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სტანდარტული 1%-იანი ზღვარის შემცირება 0,5%-მდე.
შესაბამისად, აღნიშნული მუნიციპალიტეტების ამომრჩევლებს შესაძლებლობა აქვთ უზრუნველყონ რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 0.5% რაოდენობის მობილიზება, ხელმოწერების შეგროვება და წარდგენა ერთობლივი პეტიციის. ეს ყოველივე ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მონაწილეობას ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში.
ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia) იმერეთის თერთმეტ (11) მუნიციპალიტეტში (ბაღდათი, ზესტაფონი, სამტრედია, ვანი, ხონი, წყალტუბო, საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული, თერჯოლა, ტყიბული) ახორციელებს პროექტს ,,მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში’’, რომლის მიზანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა და ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა.
პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ,,გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის’’ მხარდაჭერით.
კომენტარები