background

მედიაცენტრი






გიორგი გელოვანის ფრანგული თავგადასავლები - ERASMUS+ EVS Project

LDA Georgia-ს მიერ ევროპის მოხალისეობრივი პროექტის - ERASMUS+ EVS ფარგლებში, საფრანგეთში გაგზავნილი მოხალისე, საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
გიორგი გელოვანი საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში 2018 წლის სექტემბერში გაემგზავრა და თორმეტი თვის განმავლობაში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, ჩართული იქნება არასამთავრობო ორგანიზაცია “MEBA-ევროპის სახლის Maison De l'Europe Bordeaux-Aquitaine” მიერ ორგანიზებულ მოხალისეობრივ პროექტში - “ევროპული ღირებულებების ელჩები - Ambassadors of European values“.
აღნიშნული მოხალისეობრივი პროექტის ძირითადი მიზანია ფრანგ მოსწავლეებს, მოზარდებსა და ზრდასრულებში, არაფორმალური განათლების გზით ,ევროპული ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

 

ჩემი ფრანგული მოგზაურობა 2018 წლის 8 სექტემბერს დაიწყო ქალაქ ბორდოში და ის ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაშია. მოგზაურობაში, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ მხოლოდ ტურისტულ მოგზაურობას ქალაქიდან-ქალაქში, ქვეყნიდან-ქვეყანაში... არა, შესაძლოა მთელი დროის განმავლობაში ერთ ქალაქში გაჩერდე და იქვე იმოგზაურო ფრანგული კულტურის სიღრმეებში. თუმცა კი, გაუგონარი ამბავი იქნებოდა, ეს შანსი არ გამომეყენებინა და შეძლებისდაგვარად არ მემოგზაურა საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში.

თუმცა სჯობს, ადგილზე მოგზაურობით დავიწყო ისტორიის თხრობა.

ცოტა რამ პროექტის შესახებ: პროექტი „ევროპის ელჩები“ ერთწლიანი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს ევროპული ღირებულებებისა და ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლებას სკოლებსა და სხვადასხვა ასოციაციებში. ამისათვის ორგანიზაციამ „ევროპის სახლი ბორდო-აკიტენი“ შეგვკრიბა 24 მოხალისე - რომელთაგან 12 ფრანგია, დანარჩენი თორმეტი კი ევროპის 10 ქვეყნის წარმომადგენელი. სამუშაო არც ისე რთულია, თუმცა ძალიან საპასუხიმგებლო. ჩვენ გვევალება, პირველ რიგში, ვისაუბროთ საკუთარ ქვეყანაზე და არაფორმალური სწავლების მეთოდით გავაცნოთ ევროპული კულტურა ბავშვებს, მოზარდებსა და ზრდასრულებს.

ცოტა რამ ჩემს მისიაზე ჩემივე გადმოსახედიდან: ცხადია, პასუხისმგებლობა მაკისრია, ჩემი სამშობლო საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინო. იმის გათვალისწინებით კი, რომ აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს, ან თუ რაიმე სმენია, ისიც, ძირითადად, არასწორი ფაქტებით გაჯერებული, მისია ერთი-ორად რთულდება. თუმცა ის ფაქტი, რომ აქ, და არა მარტო აქ, ხალხს ჯერ კიდევ ჰგონია, რომ ქართველები სლავები ვართ, რომ ჩვენი დამწერლობა კირილიცაა და რომ რუსულად ვსაუბრობთ, ბევრ რამეს მეტყველებს ჩვენს ამჟამინდელ ცნობადობაზე - საქართველო ბევრისთვის ან არ არსებობს, ან კიდევ რუსეთის ერთ-ერთი ფედერაციული ერთეულია კავკასიაში. დასკვნა ერთია - ჯერ ვერ დავაღწიეთ თავი წარსულის აჩრდილებს, ჯერ ვერ „დავეწიეთ დასავლეთს“.

ცოტა უფრო მეტი პროექტსა და მონაწილეებზე: 12 მოხალისე გადანაწილებული ვართ სტუდენტურ საცხოვრებელში. ამ თანაცხოვრების საფუძველზე, უფრო მარტივდება ერთმანეთთან დაახლოების პროცესი და მეგობრობის გაღრმავება, რაღაც პერიოდის შემდეგ კი ოჯახური ატმოსფეროც იქმნება. ადამიანები წიგნებივით ვართ, შესაბამისად, ბევრი რამის სწავლა შეიძლება ერთმანეთისგან და ხშირად, გვინდა თუ არა, მაინც გვიწევს საკუთარ თავსა და სხვებში ბევრი სიახლის აღმოჩენა და გადაფასება. ამას გარდა, ვეცნობით სხვადასხვა ქვეყნის კულტურას. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ინდივიდუალურები ვართ, თუნდაც ჩვენივე ქვეყნის მასშტაბით, რთულია ამ ინდივიდუალურობის მიღმა კულტურული გავლენა არ შეამჩნიო, რომელიც კიდევ უფრო მეტად გამოგვარჩევს ერთმანეთისგან. ზოგჯერ, ამ განსხვავების ნიადაგზე, კონფლიქტიც იჩენს თავს, მაგრამ სწორედ ეგ ხდება რეფლექსიის საფუძველი და გონებაგახსნილობის შემთხვევაში განსხვავებულის მიმღებლობაც მატულობს.

ცოტა რამ ბორდოს შესახებ: ბევრი კარგი რამის თქმა შემიძლია ბორდოზე. თუმცა, როგორც ყველა ქალაქს, ბორდოსაც აქვს თავისი უარყოფითი მხარე, რომელიც ძირითადად სიმწვანის ნაკლებობით, ცხელი ამინდებით და ცხოვრების სიძვირით განისაზღვრება. ცნობისთვის, ბორდო საფრანგეთში პარიზის შემდეგ ყველაზე ძვირი ქალაქია. ამას ემატება პარიზიდან ბორდოში საცხოვრებლად გადმოსვლის მზარდი ტენდეცია, რაც ქალაქს უფრო ხალმხრავალს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს კი უფრო გადაჭედილს ხდის. აღსანიშნავია ბორდოს არქიტექტურა, რომელიც ჩამოსვლისთანავე მოგხვდება თვალში, თუმცა რამდენიმე დღეში იმასაც შეამჩნევ, რომ ეს არქიტექტურული სილამაზე ცოტა არ იყოს ერთ ფერში გაუყვება ქალაქს და რამდენიმე ადგილის მონახულების შემდეგ დაგეუფლება განცდა, რომ „აქ უკვე იყავი“. საფრანგეთის ეს მიწა გამორჩეულია ღვინის კულტურითა და ისტორიით. მთავარი ღვინის მუზეუმიც სწორედ აქ არის, სადაც საქართველოსთვისაც (გასაკვირი იქნებოდა, რომ არ) მოიძებნა ადგილი და ეს სწორედ იმ მცირე ადგილთაგანია, რომელიც ქართული კულტურის გაზიარებას უწყობს ხელს. ბორდოში, ღვინის მუზეუმების გარდა, სხვა მრავალი მნიშვნელოვანი მუზეუმის დათვალიერებაა შესაძლებელი. ეს და სხვა მრავალი კულტურული ღირსშესანიშნაობა გამოარჩევს ქალაქს ხელოვნების სიყვარულით. რაღა დავმალო და აქაურობა ემთხვევა ჩემში აქ ჩამოსვლამდე არსებულ სტერეოტიპულ შეხედულებებს საფრანგეთის შესახებ. გამორჩეული არქიტექტურა, ბაგეტი, ღვინო, კაშნე, სიგარეტი... აქ ყველა ფრანგული კლიშე თვალწინ გაგიცოცხლდებათ. ჰო, რაც შეეხება ბერეტს, როგორც მითხრეს, მოდიდან გადასულა!

ცოტა რამ ფრანგების შესახებ ჩემი გადმოსახედიდან: ჩემს თვალში ფრანგები მოინათლნენ ერთ-ერთ ყველაზე დიდ პატრიოტებად, სადაც ყველასთვის მოიძებნება ადგილი, ვინც ფრანგად ჩაითვლება. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს აქ ყოფნას ვერ დავარქმევ ფრანგულ გარემოში ცხოვრების სახელს (ვინაიდან ჩვენი ჯგუფი, სადაც უმეტეს დროს ვატარებთ, უფრო საერთაშორისოა, ვიდრე ფრანგული), რთულია არ შემემჩნია მკვეთრი ფრანგული ტემპერამენტი და ხასიათი. ფრანგები, ეს ის ხალხია, ვინც აღმერთებს ფრანგულ ენას, კულტურასა და ისტორიას. გამორჩეული სიამაყის გრძნობა აქვთ თავიანთი მემკვიდრეობის მიმართ და ხშირად მიიჩნევენ მას, როგორც საუკეთესოს. სიმართლე ვთქვა, ნაცნობია ჩემთვის ეს გარემო, ქართველებსაც გვახასიათებს მსგავსი დამოკიდებულება, მაგრამ ქართველებისგან განსხვავებით ფრანგები ამ სიყვარულის სადღეგრძელოში ჩატევით არ შემოიფარგლებიან. საფრანგეთი ცნობილია თავისი რევოლუციებით სავსე წარსულით, რომელიც დღესაც კი აქტუალურია. ჩვენს ჯგუფში ხშირად შეინიშნება წუწუნი გაუთავებელი მანიფესტაციების შესახებ, რომელიც ყოველ შაბათს კეტავს ქალაქს და თითქმის შეუძლებელს ხდის საჯარო ტრანსპორტით გადაადგილებას. მაგრამ არც ისე რთულია, დაინახო ფრანგი ხალხის წუხილი და მცდელობა, შეცვალონ რეალობა უკეთესობისკენ.

ცოტა რამ შესაძლებლობების შესახებ, რასაც ეს პროექტი გვთავაზობს: ერასმუსის მიერ წელიწდაში ორჯერ ორგანიზებულია სემინარები, სადაც ჩვენ ვხვდებით მოხალისეებს სხვადასხვა პროექტიდან საფრანგეთის მასშტაბით. შესაბამისად, გვესმის ისტორიები სხვა პროგრამების მონაწილეების მხრიდან და მათზე დაყრდნობით, შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროექტი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია თავისი მასშტაბით და შესაძლებლობებით. ვისაც უყვარს ბავშვებთან მუშაობა, არაფორმალური განათლება და არ უშინდება ფრანგული ენის რთულად დასაპრყობ მწვერვალებს, მათ ეს პროექტი აუცილებლად მოეწონებათ. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს საშუალება მოვამზადოთ და წავიყვანოთ  რადიო გადაცემები , შევხვდეთ ადამიანებს და ვესაუბროთ რამდენიმე ენაზე, მივიღოთ მონაწილეობა მასპინძელი ორგანიზაციის მიერ ორგანიზეულ სხვადასხვა აქტივობასა თუ პროექტში და აღმოვაჩინოთ ბევრი უცხო რამ საკუთარი თავისა და გარე სამყაროს შესახებ. აქ ყოფნა საშუალებას გვაძლევს, ვიმოგზაუროთ საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების მასშტაბით, რაც აქ ყოფნას ერთი-ორად გამორჩეულს და მიმზიდველს ხდის.

ჩემი ფრანგული მოგზაურობა არაჩვეულებრივად დაიწყო და არაჩვეულებრივადვე გრძელდება. ბევრი თავგადასავალი გადამხდა თავს, ბევრი ადამიანიც გავიცანი და ბევრი რამ აღმოვაჩინე. ევროპის მოხალისეობრივი სერვისი, ეს ის გამორჩეული შესაძლებლობაა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ გეძლევა და  დიდი გამართლებაა, გახდე ამ განსაკუთრებული პროექტის მონაწილე .


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი