background

მედიაცენტრი






გაცვლითი პროგრამა იტალიაში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia) მიერ, პროექტის - S.H.O.W RESPECT ფარგლებში, იტალიაში გაგზავნილი ახალგაზრდები  რუსუდან შანიძე, დარინე სალდაძე, მარიტა მაჩიტიძე, თამუნა ახობაძე და გიორგი თოდუა საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ.

პროექტის განმავლობაში, ყოველი დღე მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული, რაც ემსახურებოდა ევროკავშირის წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის კავშირის გაღრმავებას, დაახლოებას, კულტურის გაცვლას და ჩვენს ქვეყნებში არსებული გენდერული სიტუაციის გაზიარებას. მიუხედავად თავდაპირველი გამოწვევისა, დაგვემყარებინა მჭიდრო კავშირები სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან,  ამ აქტივობებით შევძელით შეგვექმნა საკმაოდ შეკრული ჯგუფები და მეგობრული გარემო.

 

პირველი დღე მონაწილეების გაცნობას დაეთმო, ერთმანეთის სახელების დასამახსოვრებლად ვითამაშეთ  განსხვავებული თამაშები. ერთობლივად ჩამოვაყალიბეთ და  შევთანხმდით იმ საერთო წესებზე, რომლებსაც დავიცავდით ჩვენი მორფასოში ყოფნის პერიოდში, რათა პატივი გვეცა ერთმანეთისთვის, ისევე როგორც მასპინძელი ორგანიზაციისთვის.

პროექტის მეორე დღიდან დავიწყეთ ჯგუფური აქტივობები, პრეზენტაციის სახით გავაცანით ერთმანეთს ჩვენს ქვეყნებში არსებული გარემო გენდერული თანასწორობის კუთხით. შევხედეთ სიტუაციებს სხვადასხვა პერსპექტივიდან და  დავრწმუნდით, რომ ყველას  ერთი საერთო პრობლემა გვაერთიანებს.

,,აისბერგის’’ ტექნიკის გამოყენებით ვისაუბრეთ ძალადობის სხვადასხვა ფორმების შესახებ. განვსაზღვრეთ რა როლებს არგებს საზოგადოება თითოეულ გენდერს და რას მოელის მისგან. ვისაუბრეთ რა არის თანხმობა და გვქონდა სავარჯიშოები, რათა გვესწავლა როგორ ვთქვათ და მივიღოთ პასუხი „არა“. გვქონდა bridge-building თამაში, რომელიც გვასწავლიდა საერთო ენის გამონახვას მაშინ, როცა არსებობს კულტურული ბარიერები.

აქტივობებში გამოვიყენეთ თეატრალური ტექნიკები, სხეულის ენა, როგორც ადამიანებთან კომუნიკაციის საერთაშორისო ტექნიკა. შევქმენით ცოცხალი ძეგლები და დავდგით თეატრალური ეპიზოდი, სადაც თითოეული ჯგუფი გამოხატავდა კონკრეტულ პრობლემას და ეძებდა მისი გადაჭრის გზებს. დავინახეთ, რომ ყველანი უნიკალურები ვართ, ამავე დროს კი ძალიან ვგავართ ერთმანეთს.

ჩავერთეთ ვიდეოს დამზადებისა და პოდკასტების შექმნის აქტივობებში, სადაც ჯგუფებმა გამოავლინეს კრეატიული და ტექნოლოგიური უნარები. მთელი დღის განმავლობაში ჯგუფურად მუშაობამ მონაწილეები ერთმანეთთან დაგვაახლოვა და ნამუშევრების პრეზენტაციამ საინტერესო დისკუსიები გამოიწვია.

ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ინტერკულტურული საღამოები, სადაც თითოეული ქვეყნის წარმომადგენელმა ჯგუფებმა წარმოვადგინეთ ჩვენი კულტურა, ტრადიციული სამზარეულო, ცეკვები და საინტერესო ფაქტები. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო კავშირების გამბასა და ინტერესის გაღრმავებას ერთმანეთის ქვეყნებისადმი.

გვქონდა გასვლითი დღეებიც, ვესტუმრეთ Castell’Arquato-ს, ერთ-ერთ უძველეს ციხესიმაგრეს და დავესწარით ერთი მსახიობის კომედიურ სპექტაკლს Fiorenzuola-ში, სადაც კიდევ უფრო დავრწმუნდით, რამხელა მნიშვნელობა აქვს სხეულის ენასა და გამომსახველობას, მაშინაც კი, როცა ყველა სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ.

აქტივობების ბოლოს ვიკრიბებოდით რეფლექსიის ჯგუფებში და ერთმანეთს ვუზიარებდით დღის განმავლობაში მიღებულ ემოციებს, გამოცდილებას, მოლოდინებს და იმას, თუ რა ვისწავლეთ ახალი.

ამ გამოცდილებამ ყველა ჩვენგანზე დიდი გავლენა მოახდინა. მან არა მხოლოდ გაზარდა ჩვენი ცნობიერება გენდერული თანასწორობის შესახებ, არამედ შეგვძინა სხვა ახალი ღირებულებები. ჩვენ ვისწავლეთ მრავალფეროვანი კულტურის, რწმენისა და პერსპექტივების მიღება და დაფასება.

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, საწყის ეტაპზე მოეწყო პარტნიორთა შეხვედრები, როგორც ონლაინ ასევე პირისპირ ფორმატში, რათა განესაზღვრათ თითოეული პარტნიორის როლი და წვლილი, ერთობლივად შეემუშავებინათ  მეთოდოლოგია და პრაქტიკული აქტივობები.

პროექტის ორგანიზატორი იყო Sciara Progetti ევროკავშირის მხარდაჭერით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი