ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ ჩაატარა საინფორმაციო შეხევდრები ქუთაისის უნივერსიტეტსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლებსაც ესწრებოდნენ სტუდენტები და სხვა დაინტერესებული ახალგაზრდები.
შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული პროექტის „ახალგაზრდების ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში“ მიზნები, აქტივობები და მათში ჩართვის შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების შექმნის მიზანსა და ფუნქციას. დამსწრე ახალგაზრდების უმეტესობამ გამოხატა აღნიშნულ ჯგუფებში გაწევრიანების სურვილი და ადგილზევე შეავსო განაცხადი.
შეხვედრაზე პრეზენტაცია გააკეთა ქუთაისის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემაც, რომელმაც ისაუბრა საბჭოს მუშაობის პრინციპებსა და ახალგაზრდული ინიციატივების მნიშვნელობაზე.
შეხვედრა გაგრძელდა დისკუსიის ფორმატში, რომლის განმავლობაშიც მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ყურადღება გაამახვილეს იმ პრიორიტეტული საჭიროებებზე, რომელთა შესახებაც ისურვებდნენ მუშაობას საინიციატივო ჯგუფების წევრობის შემთხვევაში.
პროექტი „ ახალგაზრდების ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
კომენტარები