background

მედიაცენტრი






ESC - გამოცდილება, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის!

LDA Georgia-ს მიერ ევროპის მოხალისეობრივი პროექტის - ERASMUS+ ESC ფარგლებში, საფრანგეთში გაგზავნილი მოხალისეები, საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ.
მარიტა ლაღიძე და გიორგი ბურჯალიანი, საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში 2019 წლის სექტემბერში გაემგზავრნენ და თორმეტი თვის განმავლობაში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, ჩართულნი იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაცია “MEBA-ევროპის სახლის Maison De l'Europe Bordeaux-Aquitaine” მიერ ორგანიზებულ მოხალისეობრივ პროექტში - “ევროპული ღირებულებების ელჩები - Ambassadors of European values“.
აღნიშნული მოხალისეობრივი პროექტის ძირითადი მიზანია ფრანგ მოსწავლეებს, მოზარდებსა და ზრდასრულებში, არაფორმალური განათლების გზით ,ევროპული ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

 

ევროპის მოხალისეობრივი სერვისი (EVS), რომელიც ახლა უკვე ოფიციალურად ევროპის სოლიდარობის კორპუსის (ESC)სახელით არის ცნობილი, არის ევროკავშირის ახალგაზრდული ინიციატივის Erasmus+ - ის ნაწილი, რომელიც 17-30 წლის ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს 2 კვირიდან 12 თვემდე ვადით გაემგზავრონ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში და იცხოვრონ და იმუშაონ მოხალისედ. არსებობს უამრავი განსხვავებული პროექტი, შესაბამისად იოლია ისეთის პოვნა, რომელიც თქვენს ინტერესებსა და შესაძლებლობებს კარგად ერგება. არ არის საჭირო უმაღლესი განათლება ან სამუშაო გამოცდილება. ერთადერთი რაც არის მნიშვნელოვანი, ეს არის მოტივაცია! რაც მთვარია, ყველა ხარჯი არის დაფარული ევროკომისიის მიერ - იქნება ეს ორმხრივი მგზავრობა, სავიზო მოსაკრებელი, საცხოვრებელი ხარჯები თუ ჯიბის ფული. შეიძლება ითქვს, რომ ეს არის უნიკალური შანსი იცხოვროთ საზღვარგარეთ, იმოგზაუროთ, გაიცნოთ უამრავი ადამიანი და მიიღოთ ახალი გამოცდილებები სრულიად უფასოდ.

უშუალოდ პროექტი

ვფიქრობ, ჩემი პროექტი „ევროპული და ოლიმპიური ღირებულებების ელჩები“ ერთ-ერთი საუკეთესოა ყველა ESC პროექტს შორის. აქ ყოფნის მანძილზე არაერთ სხვა პროექტის მონაწილე მოხალისეს შევხვდი და შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი პროექტივით განსხვავებული, მრავალფეროვანი და საინტერესო არც ერთი არ არის.

ეს არის 12 თვიანი მოხალისეობრივი პროექტი, რომელსაც ახორციელებს Maison de l'Europe Bordeaux–Aquitaine (MEBA), Comité Départemental Olympique et Sportif (CDOS)- თან თანაშრომლობით საფრანგეთს ქალაქ ბორდოში. LDA-ის მიერ შერჩეული ორი ქართველი, მე და გიორგი ბურჯალიანი უკვე მეშვიდე თვეა ამ პროექტში ვმონაწილეობთ.

პროექტში ჯამში 24 მოხალისე ვართ ჩართული, აქედან 10 ფრანგი და 14 ევროპელი, 9 სხვადასხვა ქვეყნიდან (რუმინეთი, ესპანეთი, პორტუგალია, კვიპროსი, სერბეთი, გერმანია, იტალია, ფინეთი და საქართველო). ჯგუფი დაყოფილია სამ კაციან მცირე ჯგუფებად, ე.წ. „ტრინომებად“ დათითოეულ ტრინომს აქვს ინდივიდუალური წლიური გეგმა, რომელსაც მოიცავს უამრავ განსხვავებულ აქტივობას. მთავარი მისია არის ევროპული ღირებულებების გაზიარება, სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის გავრცელება არაფორმალური განათლების გზით. აქტივობები მოიცავს ძირითადად სკოლებში სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებთან მუშაობას, საკუთარი ქვეყნის პრეზენტაციას, სხვადასვა ვორქშოპებისა და თამაშების დაგეგმვას ევროპისა და სპორტის თემაზე. გარდა ამისა, ვამზადებთ რადიო გადაცემებს, სადაც ვსაუბრობთ უამრავ საინტერესო თემაზე კვლავ მთავარი მისიის გარშემო;ვმონაწილეობთ ე.წ. „café linguistique” ივენთებში, რომლის საშუალებითაც ხელს ვუწყობთ სხვადასხვა ევროპული ენების პოპულარიზაციას; ჩართული ვართ შშმ პირებთან სპორტისა და ჯანმრთელობის თემაზე დაგეგმილ ღონისძიებებში, როგორებიცაა ადაპტირებული ფეხბურთი, სკეიტი და ა.შ.

საფრანგეთი

პროექტის კიდევ ერთი დადებითი მხარე საფრანგეთია. ჩემთვის საფრანგეთი ყოველთვის ოცნების ქვეყანა იყო და ვინაიდან ფრანგულს დიდი ხნის მანძილზე ვსწავლობდი, როგორც კი პროექტი აღმოვაჩინე, მივხვდი, რომ ეს ის იყო, რასაც ვეძებდი. ბორდო მართლაც რომ საუკეთესო ქალაქია მსგავსი პროექტისთვის, რადგან არ არის პარიზივით დიდი და ამასთან ერთად არც იმდენად პატარა, რომ რამის ნაკლებობა იგრძნო. ბორდოში ყველაფერია რაც კი შეიძლება ადამიანს უნდოდეს. ულამაზესი არქიტექტურა, უმარავი მწვანე პარკი, მდინარე, უნივერსიტეტი, კაფეები, ბარები, ღამის ცხოვრება და ოკეანეც კი, მხოლოდ 1 საათის სავალზე.

თავიდან ერთადერთი რაც მაშინებდა ეს იყო ფასები, რადგან საფრაგეთში დიდ ქალაქში ცხოვრება საკმაოდ ძვირია. თუმცა ბიუჯეტის სწორად გადანაწილების შემთხვევაში, თანხა რომლითაც პროექტი უზრუნველგყოფს საკმარისზე მეტიცაა და მოგზაუროისთვისაც კია შესაძლებელი მისი დაზოგვა.

რაც შეეხება ფრანგულ ენას- არც ჩემთვის და არც გიორგისთვის ენა დიდი პრობელმა არ ყოფილა, რადგან ორივეს გარკვეული ცოდნა გვქონდა აქ ჩამოსვლამდეც. თუმცა მათთვის, ვისაც არასდროს ჰქონია ფრანგულთან შეხება შესაძლოა ცოტა რთული აღმოჩნდეს პროექტში მონაწილეობა. მიუხედავად ამისა, ენის ცოდნა პროექტის მთავარ მოთხოვნას არ წარმოადგენს და ორგანიზაცია ყველანაირად ცდილობს ფრანგულის შესწავლის პროცესის გაიოლებას. არსებობს ონლაინ პლატფორმა, სადაც დამოუკიდებლად შეგიძლია იმუშაო საკუთარ თავზე და გარდა ამისა, სურვილისამებრ, გვაქვს გაკვეთილები მოხალისე მასწავლებლებთან, რაც ძალიან სასარგებლოა. ამ მიზეზით არიან ჩართული პროექტში ფრანგი მოხალისეებიც. ყოვლედღიური კომუნიკაციაც დიდ როლს ასრულებს სალაპარაკო უნარების გაუმჯობესებაში, ყველაფერი მხოლოდ მოდომებაზეა დამოკიდებული.

მიზეზები თუ რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა ESC პროექტში

ეს ყველაფერი რომ შევაჯამოთ, გთავაზობთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ უნდა გახდეთ ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისე:

. უცხო ქვეყანაში დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილება - ჩვენი ქვეყანა, სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ, სადაც გვყვავს ოჯახი და მეგობრები, ჩვენს კომფორტის ზონას წარმოადგენს. უცხო ქვეყანაში ცხოვრება დაგეხმარებათ კომფორტის ზონის გაფართოებაში, შეგძენთ ახალ უნარებსა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას.

. საინტერესო ადამიანების გაცნობა - ESC შესაძლებლობას გაძლევთ იცხოვროთ მულტიკულტურულ გარემოში, შეხვდეთ უამრავ ახალ ადამიანს სხვადასხვა ქვეყნიდან, განსხვავებული კულტურით, ღირებულებებითა და გამოცდილებებით.

. ისწავლოთ ახალი ენა - უცხო ენის სწავლის საუკეთესო გზა იმ ქვეყნაში ცხოვრებაა, სადაც ამ ენაზე საუბრობენ. მასპინძელი ქვეყნის ენის შესწავლა მოხალისეობრივი პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, შესაბამისად, ამისთვის საჭირო ყველა რესურსსა და შესაძლებლობას იძლევა.

. შეიძინოთ ახალი უნარები - არსებობს ათასობით განსხვავებული ESC პროექტი, შესაბამისად, აუცილებლად იპოვით ისეთს, რომელიც თქვენს ინტერესებსა და პროფესიას შეესაბამება, შეგძენთ საჭირო უნარებს და დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში.

. შეიტანო წვლილი ღირებული საქმის კეთებაში - ESC პროექტების მიზანი არა მხოლოდ მოხალისეთა პიროვნულ თუ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, არამედ სხვადასხვა ლოკალური საზოგადოებებისა და თემების დახმარება და მათთვის მეტი შესაძლებლობების მიცემაა. როგორც მოხალისე, კი თქვენ ამ ყველაფრის ნაწილი ხდებით და უზიარებთ საკუთარ ცოდნას/გამცდილებას სხვებს.

. აღმოაჩინო საკუთარი თავი - როგორც წესი, ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩაფლულებს საკუთარ თავზე ფიქრისთვის ბევრი დრო არ გვრჩება. ESC-ის დროს აღმოაჩენთ, რომ ბევრი რამ არ იცით საკუთარი თავის შესახებ. კომფორტის ზონიდან გამოსვლა დაგეხმარებათ ახალი უნარები და შესაძლებლობები აღმოაჩინოთ თქვენში და გაერკვეთ იმაში, თუ რისი გაკეთება განიჭებთ სიამოვნებას და რა გამოგდით ყველაზე უკეთ.

. პროექტში მონაწილეობა სრულიად უფასოა - რამდენჯერ გითქვამთ უარი მოგზაურობაზე მხოლოდ იმის გამო, რომ ზედმეტად ძვირი ჯდებოდა? ხშირად ვერ ნახავთ პროექტს, სადაც აბსოლუტურად ყველა ხარჯი დაფარულია და არაფრის გადახდა არ გიწევთ თქვენი პირადი ფინანსებდან.

. ESC ეს არის დაუვიწყარი გამოცდილება - გამოცდილება, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ ცხოვრებაში და რომელსაც არასდროს ინანებთ!

 


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი